ახალგაზრდული სასწავლო ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს "ახალგაზრდული სასწავლო ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებით.

2014 წლის სექტემბერში ახალგაზრდები 5 დღით გაემგზავრებიან კვიპროსის რესპუბლიკაში და ადგილზე გაეცნობიან არსებულ კონფლიქტს, მისი წარმოშობის ისტორიასა და დღევანდელ ვითარებას. ასევე, გაიმართება დისკუსიები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდები გაეცნონ მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტოლოგიის საფუძვლებს, ახალგაზრდების როლს კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ:

** სამოტივაციო წერილი (რატომ გსურთ მონაწილეობის მიღება...)
** ავტობიოგრაფია
** ფოტო
** 1 რეკომენდაცია
** განაცხადს დამატებით შეიძლება დაურთოთ თქვენ მიერ მიღებული სერტიფიკატები, რეკომენდაციები, დიპლომები და ა.შ.
** შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი).

აუცილებელი მოთხოვნები:

1. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ბაკალავრიატის III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს;
2. ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
3. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სამოქალაქო სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის სურვილი;
4. შერჩეული მონაწილე 2015 წლის აპრილამდე არ უნდა მიემგზავრებოდეს სასწავლებლად ან საცხოვრებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ;

შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

კონკურსის პირველი ეტაპი - შემოსული დოკუმენტაციის შეფასება/გადარჩევა (კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შედეგად, შეირჩევა კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს და სრულყოფილად წარმოადგენენ მოთხოვნილ დოკუმენტაციას. აპლიკაციების შეფასება/გადარჩევის განხილვის საფუძველზე, კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის შესახებ). პირველი ეტაპის დასრულების თარიღი - 15 აგვისტო.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 25 ივლისიდან 15 აგვისტომდე. 15-17 აგვისტოს - შემოსული განცხადებების შეფასება/გადარჩევა.
მეორე ეტაპი - გასაუბრება (გასაუბრების დროს ფასდება კანდიდატის შესაბამისობის დონე დადგენილ მოთხოვნებთან, მოტივაცია და პიროვნული თვისებები). გასაუბრება ჩატარდება 18-19-20 აგვისტოს.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ახალგაზრდულ სასწავლო ვიზიტს ფინანსურად უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
შერჩეული მონაწილეები კვიპროსის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე გაივლიან მოსამზადებელ ეტაპს და გაეცნობიან კონფლიქტების მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის საკითხებსა და კვიპროსის კონფლიქტის ისტორიას.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში, 2014 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 19:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, 0162,  ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ. 49ა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: m.naneishvili@msy.gov.ge

გამარჯვებულთა ვინაობა 2014 წლის 25 აგვისტომდე გამოცხადდება.